პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი გეოგრაფიაში
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთი ტიპია, რომლის ჩატარებაც მასწავლებელს მოეთხოვება. გეოგრაფიის გაკვეთილზე არაერთი პრობლემის დასმა და გადაჭრაა შეასაძლებელი. პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილზე ხდება კრიტიკული აზროვნების განვითარება, რაც ამა თუ იმ საკითხისადმი გონივრულ მიდგომას გულისხმობს.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. იგი აქტიურ სწავლაშია ჩართული და რეალური პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის დროს მოსწავლე გამოიმუშავებს კოგნიტიურ უნარებს, რომლებიც მას უჩვეულო და მოულოდნელი სიტუაციის ანალიზში ეხმარება.
გთავაზობთ მასალას და აქტივობებს პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილისთვის.
კლასი იყოფა ჯგუფებად. ტექსტი – „ატმოსფერო და კლიმატური ცვლილებები“ – დაყოფილია ნაწილებად. თითოეული ნაწილი ცალკე ფურცელზეა დაწერილი. ფურცლები არეულია და კონვერტებშია ჩაწყობილი (კონვერტების რაოდენობა განისაზღვრება ჯგუფების რაოდენობის მიხედვით).
თითოეულ ჯგუფს ურიგდება კონვერტები ბარათებით. ჯგუფებმა უნდა ააწყონ ტექსტი ისე, რომ დააკავშირონ მოსაზრებები მიზეზისა და შედეგის შინაარსობრივი ურთიერთდამოკიდებულების მიხედვით, დააწებონ ბარათები ფორმატის ქაღალდზე და ისრებით მიუთითონ მათი თანმიმდევრობა.
ტექსტის აწყობის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ შემდეგი დავალებები:
- ატმოსფეროს შემადგენლობა გამოსახონ სქემის სახით;
- ააგონ ატმოსფეროს შემადგენლობის წრიული დიაგრამა;
- შეავსონ მიზეზშედეგობრივი კავშირების სქემა, რომელიც გამოსახავს ატმოსფეროს დაბინძურების გავლენას კლიმატის ცვლილებებზე (ფიშბოუნი);
- მოვლენათა ჯაჭვის სქემის სახით წარმოადგინონ ჰაერის დაბინძურების ძირითადი შედეგები და იმსჯელონ მის დაცვაზე (მოვლენათა ჯაჭვი);
- წარმოადგინონ პრობლემის მოგვარებუის მათეული ხედვა.
No comments:
Post a Comment